როდის აღადგენს Wizzair ფრენებს – თურნავას განმარტება

როდის აღადგენს Wizzair ფრენებს – თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, ავიაკომპანია Wizzair -ის ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ გაუხსნიან საზღვარს. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ “თუ გაფართოვდა იმ ქვეყნების არეალი, აზრი ექნება.

კითხვაზე, რომ ვიზეარს -ს აქვს საფრანგეთში ფრენები, ნათია თურნავა პასუხობს, რომ “სიხშირეების რაოდენობაც მნიშვნელოვანია” და ამიტომ, ამ ეტაპზე, Air France -თან აქვთ მოლაპარაკებები. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ Wizzair -ი “ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია” და “ჩვენ ვართ მოწადინებულები, რაც შეიძლება, მალე იყოს შესაძლებელი ფრენების აღდგენა”.

იაფი ავიაბილეთები


იმ ფაქტს, რომ დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია ფრენებს საქართველოში ჯერჯერობით ვერ აახლებს, ნათია თურნავა იმით ხსნის, რომ ეს “Wizzair -ის ბიზნესმოდელის საწინააღმდეგოა”.

“Wizzair-ი არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელსაც აქვს თავისი შეზღუდვები და იმითაა მიმზიდველი, რომ ბილეთის ფასი არის დაბალი, ერთი და ორი ფრენა კვირაში მას არ შეუძლია, ეს მისი ბიზნესმოდელის საწინააღმდეგოა, ამიტომ თუ Wizzair-ი აღადგენს ფრენებს, ეს მოხდება მაშინ, როცა რამდენიმე მიმართულება გვექნება მაგიდაზე დადებული და შეთანხმებული, იციან, მუშაობენ ჩვენთან ერთად, ჩაერთნენ ახლა სოციალური ჩარტერების შესრულებაში. თუ მოგვეცემა საშუალება, გავაფართოვოთ არეალი, პირველ რიგში, wizzair -ის ფრენები აღდგება”. – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ Wizzair -ს თითქმის ყველა იმ ქვეყანაში აქვს ფრენა ქუთაისიდან, რომელსაც საქართველომ საზღვრები გაუხსნა. მაგალითად, აგვისტოს თვეში ამ დრომდე იძებნება ქუთაისი-დორტმუნდის (გერმანია), ქუთაისი-რიგას (ლატვია), ქუთაისი-ვილნიუსის (ლიტვა) ბილეთები. რაც შეეხება საფრანგეთის (პარიზი) რეისს, ავიაკომპანიამ ეს მიმართულება რამდენიმე თვის წინ გააუქმა, ხოლო ტალინსა (ესტონეთი) და გერმანიის სხვა ქალაქებში (ბერლინი და მემინგენი) ფრენები ქუთაისის ბაზის დროებით შეჩერების გამო, 2021 წლის მაისამდე გადადო.

თუმცა, საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები სამ ავიაკომპანიასთან აქვს –თბილისი მიუნხენი (Lufthansa), თბილისი-პარიზი (Air France) და თბილისი-რიგა (Air Baltic).

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link