ჩინეთთან ფრენები აიკრძალება – ეკატერინე ტიკარაძე

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში ჩინეთიდან ფრენები აიკრძალება, ქალაქ უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევაკუაციის დეტალებზე დღის მეორე ნახევარში იმსჯელებენ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი კვლავ დაბალია.

იაფი ავიაბილეთები


„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი, აქედან გამომდინარე, არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ჩინეთთან ფრენების გაუქმების აუცილებლობის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.

პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისები გაუქმდა. ფრენები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი ( +86 137 168 77 635 ) მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

Share via
Copy link