ახალი წესები რომელიც უნდა დაიცვათ ევროკავშირში გამგზავრებისას

ახალი წესები რომელიც უნდა დაიცვათ ევროკავშირში გამგზავრებისას

1-ელ ივლისს ევროკავშირი თავის საზღვრებს მესამე სამყაროს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილთან გახსნის. თუმცა უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება. რომელი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს შეუშვებენ მალე ევროკავშირში და როგორ უნდა მოიქცნენ ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრები? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

რა იცვლება 1-ლი ივლისიდან?

ევროკავშირში შესვლის შეზღუდვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთათვის 1-ლი ივლისიდან ეტაპობრივად მოიხსნება. თავდაპირველად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინიციატივა დასავლეთ ბალკანეთის მხოლოდ 6 ქვეყანას შეეხება. ესენია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალოგიური ან უკეთესიც კია, ვიდრე – ევროკავშირში. სამომავლოდ, ამ ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება და სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც.

იაფი ავიაბილეთები


რაც შეეხება შენგენის ზონის შიდა საზღვრებს, ის 15 ივნისიდან უკვე გახსნილია. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე, შენგენის 26 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შიდა ავიამიმოსვლით ესარგებლათ. ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა სარეკლამო რგოლები გაააქტიურეს. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თვითმფრინავებსა თუ აეროპორტებში შემუშავებულ და განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც ახალი კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია. კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრი?

ნიღაბი როგორც თვითმფრინავში, ასევე – აეროპორტის შენობაში

აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ევროპაში გაფრენის მსურველი ადამიანისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის ინსტრუქციის თანახმად, ამ წესის დაცვა აუცილებელია “გამგზავრების მიზნით, აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან დანიშნულების აეროპორტიდან გასვლამდე”. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 6-წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისთვისაც ნიღბის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო დაუშვებელია.

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მგზავრებმა ნიღაბი ყოველ 4 საათში შეიცვალონ. მათ ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ და დეზინფექცია ჩაიტარონ. როგორც წესი, ფრენა 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ამიტომაც მგზავრს, სულ ცოტა, 1 სათადარიგო ნიღაბი მაინც უნდა ჰქონდეს.

თვითმფრინავის სალონში ხელბარგის ატანა

გერმანიის აეროპორტების უმრავლესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ცალი ჩანთის ატანა შეუძლია. სავარაუდოდ, ამან მგზავრის ბარგის შემოწმების პროცესი უნდა დააჩქაროს და აეროპორტში ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბარგის შემოწმებისას 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. ამისათვის კი ავიაკომპანიებმა სახმელეთო სამსახურებთან ერთად აეროპორტებში სპეციალური ნიშნულები უნდა გააკეთონ და მგზავრებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გახსნან.

სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში

ამ დროისთვის გერმანიის აეროპორტებში თერმოსკრინინგი ყველა მგზავრისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა ყველა აეროპორტი ვალდებულია, ტემპერატურის საზომი აპარატურა ჰქონდეს და სიტუაციის შესაბამისად, მასობრივი თერმოსკრინინგის დასაწყებად ნებისმიერ დროს მზად იყოს.

თუმცა ავიაკომპანიებს შეიძლება საკუთარი წესები ჰქონდეთ. მაგალითად, Lufthansa უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მგზავრებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესთავაზოს. აღნიშნული მომსახურება მიუნხენისა და ფრანკფურტის (მაინის) აეროპორტებში იგეგმება. ტესტის შედეგები 4 საათში ცნობილი იქნება. ავიაკომპანიის განცხადებით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნებში, სადაც შესვლა მხოლოდ ახლახან ჩატარებული SARS-CoV-2-ის ტესტის პასუხით არის შესაძლებელი.

რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი?

ბორტზე ინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის არც თუ ისე დიდია- ამტკიცებენ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კონცერნის- Airbus-ის წარმომადგენლები. ამას კი იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჰაერის მიმოქცევა ზევიდან ქვევით ხდება. ამიტომაც მგზავრების მიერ ამოსუნთქული ჰაერი სხვა წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ სალონის იატაკზე ეცემა და გვერდით მჯდომს არ ხვდება. ”ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც რომელიმე გერმანული კლინიკის საოპერაციოში”, – წერს თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია Condor-ი.

გერმანელი ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი (Jonas Schmidt-Chanasit) ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ თვითმფრინავში ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ფრენა ინფიცირების რისკს თავისთავად შეიცავს. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მგზავრობა, საფრთხეც მეტია – აღნიშნავს ვირუსოლოგი.

იქნება თუ არა შუა ადგილები ცარიელი?

ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ, ფანჯარასა და გასასვლელს შორის არსებული შუა ადგილები ცარიელი დატოვონ. გადამზიდველს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს ავიაკომპანიისგან შუა ადგილების გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link